CEO ომის დროს და მშვიდობის დროს

ბენ ჰოროვიცი

CEO-ები ომისა და მშვიდობის დროს

ბენ ჰოროვიცი – ცნობილი ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებელი და ვენჩურული ინვესტორი სტატიაში Wartime CEO/Peacetime CEO საუბრობს CEO – ზე ომისა და მშვიდობის დროს. ეს ტერმინები ძალიან პოპულარული გახდა ბიზნეს სამყაროში და ხშირად იყენებენ ბიზნეს ლიდერების დასახასიათებლად.

სტატია ბენ ჰოროვიცმა ტექნოლოგიურ სამყაროში მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით დაწერა. 2011 წელს კომპანია გუგლის აღმასრულებელი დირექტორი, გამოცდილი და პრეზენტაბელური ერიკ შმიდტი კომპანიის დამფუძნებელმა, ინტროვერტმა და არაკომუნიკაბელურმა ლარი ფეიჯმა შეცვალა.

ეს იყო ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ჰორიზონტზე გააქტიურდა ფეისბუქი და გუგლმა მკაფიოდ იგრძნო, რომ სერჩის ბაზარზე დომინანტობის მიუხედავად, ტექნოლოგიური სამყაროს ერთადერთ ფავორტს აღარ წარმოადგენდა.

ბენ ჰოროვიცმა ეს ცვლილება გუგლის ომისთვის მზადყოფნას დაუკავშირა და ლარი ფეიჯი ტიპიურ Wartime CEO – დ მონათლა.

მშვიდობად ბიზნესში ბენი განიხილავს ისეთ პერიოდს, როცა კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში და მისი ბაზრის წილი სტაბილურად იზრდება. ასეთ დროს კომპანიას შეუძლია ფოკუსირდეს გაფართოებასა და ძლიერი მხარეების განვითარებაზე.

ომის დრო კი კომპანია იბრძვის გადარჩენისთვის. საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს როგორც კონკურენტებისგან, ასევე მაკროეკონომიკური ცვლილებებისგან.

საკუთარ გამოცდილებას Opsware – ში ბენი პირველი 9 თვის განმავლობაში აფასებს, როგორც CEO – დ მშვიდობის დროს, ხოლო შემდგომი 7 წელი მუდმივად ომის მდგომარეობაში მყოფად. მისი პირადი აღმოჩენით, ეს ორი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულ მენეჯმენტის სტილს მოითხოვს.

ამონარიდები სტატიიდან

მენეჯმეტის შესახებ დაწერილი წიგნები ძირითადად იმ ტექნიკას ასწავლიან, რომელიც სჭირდება CEO – ს მშვიდობის დროს. გამონაკლისია ენდი გროუვის (ინტელი) Only The Paranoids Survive, სადაც ინტელის ისტორიასთან ერთად ენდი გროუვი იმ პროცესებზე საუბრობს, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს სჭირდება მშვიდობიდან ომის ეტაპზე გადასვლის დროს.

მშვიდობის დროს ლიდერი ცდილობს მაქსიმალურად გააფართოოს კომპანია, ომის დროს კი მხოლოდ 1 ტყვიაა დარჩენილი და ყველანაირად უნდა ეცადოს მიზანში მორტყმას. გადარჩენა დამოკიდებულია 1 კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირებასა და მის მიყოლაზე.

როცა სტივ ჯობსი ეფლში დაბრუნდა, კომპანიის გაკოტრებას რამდენიმე კვირაღა აკლდა – კლასიკური ომის სცენარი. საჭირო იყო ყველა ზედმიწევნით ზუსტად მიჰყოლოდა მის გეგმას. ჯობსმა 350 მიმდინარე პროექტი 10 – მდე შეამცირა. ამით ხელი შეუწყო ერთი კონკრეტული მიზნისკენ რესურსების მობილიზებას.

ეფლისა და სტივ ჯობსის საპირსპიროდ, როგორც კი გუგლმა ბაზარზე დომინანტურ პოზიციას მიაღწია, მენეჯმენტმა დაიწყო ხელის შეწყობა ინოვაციებისა და კრეატიულობისთვის. ცნობილი 20/80 – ის პრინციპი სწორედ ამის გამოხატულებად იქცა ( 20/80 – ის პრინციპი გულისხმობს თანამშრომლის შესაძლებლობას, რომ სამუშაო დროის 20% დაეთმოს საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ პროექტს).

CEO – მ მშვიდობის დროს იცის, რომ შესაბამისი პროტოკოლი მიიყვანს გამარჯვებამდე. CEO ომის დროს კი არღვევს პროტოკოლს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

CEO მშვიდობის დროს ხარჯავს დროს ორგანიზაციული კულტურის შექმნაზე. CEO ომის დროს კი ნებას აძლევს ომს განსაზღვროს ორგანიზაციული კულტურა.

CEO – მ მშვიდობის დროს იცის, როგორ გამოიყენოს და რა გააკეთოს, როცა აქვს დიდი კონკურენტული უპირატესობა. CEO ომის დროს კი უბრალოდ პარანოიდია.

CEO მშვიდობის დროს კონკურენტს განიხილავს, როგორც სხვა რიგით გემს ოკეანეში. CEO ომის დროს კი ფიქრობს, რომ კონკურენტი მისი მტერია, რომელიც მის სახლში იჭრება და შვილების მოტაცებას ცდილობს.

CEO მშვიდობის დროს ცდილობს შეამციროს კონფლიქტი და დაძაბულობა. CEO ომის დროს კი პირიქით – ზრდის წინააღმდეგობას.

CEO ომის დროს ადგენს დიდ ამბიციურ მიზნებს. CEO მშვიდობის დროს კი იმდენად დაკავებულია მტერთან ბრძოლაში, რომ არ აქვს დრო იკითხოს წიგნები მენეჯმენტზე, დაწერილი იმ კონსულტანტების მიერ, რომელსაც ხილის დახლიც კი არ უმართავს.

CEO მშვიდობის დროს ხელს უწყობს თანამშრომლების კმაყოფილებასა და კარიერულ განვითარებას. CEO ომის დროს კი თანამშრომლებს ომში გადარჩენისთვის წვრთვნის.

შეიძლება თუ არა რომ ერთი ადამიანი იყოს როგორც Wartime ისე Peacetime CEO

ბენის აზრით, ეს შესაძლებელია, თუმცა ძალიან რთულია. ორივე მდგომარეობაში ეფექტური ლიდერობა მოითხოვს მენეჯმენტის ბევრი წესის ცოდნას და იმას, თუ როდის უნდა მისდიო და როდის უნდა დაარღვიო ეს წესები.

მაგალითები

  • ბენ ჰოროვიცი – CEO ომის დროს
  • ლარი ფეიჯი – CEO ომის დროს
  • სტივ ჯობსი – CEO ომის დროს
  • ერიკ შმიდტი – CEO მშვიდობის დრო
  • ენდი გროუვი – CEO ომის დროს

ზოგადად ადრეული სტარტაპების CEO – ები, ყველა მოიაზრება როგორც CEO ომის დროს. თავის წიგნში The Hard Thing About Hard Things ბენ ჰოროვიცი ძალიან გულწრფელად საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც სტარტაპების მართვას ახლავს, განიხილავს პრაქტიკულ ქეისებს და დრამატულად აღწერს თავისი კომპანიების განვითარების ისტორიებს. ეს წიგნი სტარტაპების თემაზე დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ითვლება და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?