დროფშიფინგი

დროფშიფინგი

რა არის დროფშიფინგი

დროფშიფინგი ელექტრონულ კომერციის გავრცელებული ბიზნეს მოდელია. ის საშუალებას აძლევს მეწარმეს ონლაინ მაღაზიაში გაყიდოს პროდუქტი ისე, რომ არ ჰქონდეს ეს პროდუქცია ადგილზე დასაწყობებული.

გამყიდველი, ამ შემთხვევაში დროფშიფერი, ათავსებს ნივთს ონლაინ მაღაზიაში გასაყიდად და როდესაც ნივთი გაიყიდება, უკავშირდება წინასწარ შერჩეულ მომწოდებელს/მწარმოებელს.

შეკვეთილი ნივთის ტრანსპორტირებას საბოლოო მომხმარებელთან ახდენს სწორედ მომწოდებელი/მწარმოებელი და არა გამყიდველი/დროფშიფერი.

დროფშიფინგის პროცესი

იქიდან გამომდინარე, რომ დროფშიფინგის დროს გამყიდველს არ აქვს პროდუქციის ყიდვისა და დასაწყობების ხარჯი, ელექტრონული კომერციის ეს მოდელი ბევრ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყოს საკუთარი ონლაინ ბიზნესი.

დროფშიფინგის ტრენდი google trends – ის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით ბოლო 5 წლის მიხედვით.

დროფშიფინგი გუგლ ტრენდსის მიხედვით

დროფშიფინგის ისტორია

საიდან დაიწყო დროფშიფინგი? როდის შეიქმნა ეს მოდელი და როგორ გახდა დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი მომგებიანი ინდუსტრია?

1960 -1970 – იანი წლები: დროფშიფინგი ინტერნეტამდე

რეალურად ვაჭრობის ისეთი ელემენტები, რაც დროფშიფინგს ახასიათებს, ინტერნეტის შექმნამდე არსებობდა.

60 – 70 – იანი წლების ამერიკაში აქტუალური იყო პროდუქციის  შეკვეთა კატალოგიდან ფოსტით.

Mail order catalogs წარმოადგენდა მცირე ზომის ბუკლეტებს სარეკლამო პროდუქტების ჩამონათვალით, რომელსაც მომხმარებელი იღებდა ფოსტით. კატალოგიდან შერჩეული ნივთის შეძენა შეიძლებოდა ტელეფონის საშუალებით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ კომპანიას ნივთი ფოსტის საშუალებით მიჰქონდა ადგილზე მყიდველთან.

ამ მეთოდს აქტიურად იყენებდნენ ცნობილი რითეილერები JCPenney და Sears.

Sears კატალოგი

თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა შეკვეთები, უჭირდათ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამიტომ შექმნეს საწყობები, ე.წ. fulfilment warehouses (დღევანდელი FBA – ის მსგავსი – Fulfillment By Amazon). ამ გზით დაჩქარდა შეკვეთის მიწოდების პროცესი, რადგან შეკვეთილი პროდუქციის გაგზავნა ხდებოდა უკვე სპეციალიზებული საწყობებიდან.

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდნენ კომპანიები, SkyMall, Americop, CompuCard , რომლებიც მხოლოდ კატალოგით (ფიზიკური მაღაზიების გარეშე) ჰყიდნენ პროდუქციას. სპეციალიზებულ საწყობებში განთავსებულ პროდუქციას ამატებდნენ კატალოგში ფასნამატით. ხოლო მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეუკვეთავდა ნივთს კატალოგიდან, ახდენდნენ საწყობიდან პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლამდე.

ასე გაჩნდა დროფშიფინგის მოდელი.

90 – იანი წლები: დროფშიფინგი და dot.com bubble

ინტერნეტის შექმნის პარალელურად ის კომპანიები, რომლებიც კატალოგით ვაჭრობდნენ, ნელ-ნელა ონლაინ მაღაზიებად გადაიქცნენ. ონლაინ შოპინგი ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის.

გაჩნდა უამრავი ონლაინ მაღაზია. იკომერსის მომხიბლავ პერსპექტივაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა მალევე ეს მომხიბლავი dot-com bubble გასკდა და 2001 წელს უამრავი მაღაზია გაკოტრდა.

2000 – იანი წლები: amazon.com და ebay.com

Amazon.com და ebay.com აღმოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიზისს გადაურჩნენ. ელექტრონული კომერციის ინოვატორმა კომპანიებმა შეცვალეს გზები, თუ როგორ შეიძლება გაიყიდოს ნივთი ონლაინ.

უკვე აღარ იყო საჭირო ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის ტექნიკურად რთული და ხანგრძლივი პროცესის გავლა. მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა განეთავსებინა პროდუქცია ამ პლატფორმებზე და გაეყიდა ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე ნაკლები სარეკლამო დანახარჯებით.

დროფშიფინგი ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის.

2010-2018 წლები: Aliexpress.com, Shopify.com, Oberlo.com

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინელ მწარმოებლებთან ურთიერთობა ყოველთვის სირთულეს წარმოადგენდა, წლების განმავლობაში უპირატესობა ამერიკელ მომწოდებლებს ენიჭებოდა. ეს კი თავის მხრივ გაზრდილ ფასში ჰპოვებდა ასახვას.

ალიბაბა ჯგუფის მიერ aliexpress.com – ის გაშვებით მეწარმეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შესაძლებლობა მიეცათ პირდაპირ დაემყარებინათ ურთიერთობა ჩინელ მწარმოებლებთან. ენისა და კულტურული ბარიერების მოხსნის შედეგად პროდუქციის შეკვეთისა და კომუნიკაციის პროცესი გახდა მარტივი და იაფი.

გაჩნდნენ ონლაინ პლატფორმები, რომლებმაც გაამარტივეს ონლაინ მაღაზიების შექმნის პროცესი. მაგ.: shopify.com. “შოპიფაის” აპლიკაცია oberlo – ს საშუალებით მარტივად ხდება პროდუქციის იმპორტი შოპიფაის მაღაზიაში. დროფშიფერს შეუძლია დააიმპორტოს და გაყიდოს ის პროდუქტები, რაც იყიდება aliexpress – ისა და თვითონ Oberlo – ს მარკეტფლეისზე.

დროფშიფინგის უპირატესობები

  • მცირე კაპიტალი

წარმატებული დროფშიფინგისთვის შედარებით მცირე ინვესტიციაც საკმარისია. არ არის საჭირო პროდუქციის შესაძენად ინვესტიციის განხორციელება. თანხას მხოლოდ მაშინ უხდის დროფშიფერი მწარმოებელს/მომწოდებელს, როცა მომხმარებელი შეუკვეთავს საიტზე განთავსებულ ნივთს.

  • მოხერხებული ლოკაცია

ნებისმიერ ადგილს, სადაც არის ინტერნეტის წვდომა, შესაძლებელია ამ ბიზნესის განხორციელება.

  • პროდუქციის ფართო ასორტიმენტი
  • მარტივია დასაწყებად

დროფშიფინგის მინუსები

  • მცირე მარჟა

იქიდან გამომდინარე, რომ დროფშიფინგი მარტივი ბიზნეს მოდელია, კონკურენცია დიდია. გამყიდველებს კონკურენციის პირობებში მინიმალური ფასნამატით უწევთ პროდუქციის გაყიდვა.

  • მარაგები

მწარმოებლები/მომწოდებლების მარაგების კონტროლი ძნელია. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. თუმცა, ამ პროცესს ამარტივებს სხვადასხვა პროგრამები, რომლითაც მომწოდებლების სტოკთან სინქრონიზაცია ხდება.

  • ტრანსპორტირება

როდესაც რამდენიმე მომწოდებელთან თანამშრომლობთ, მომხმარებლის მიერ სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში რთულდება ტრანსპორტირების ხარჯი.

  • მომწოდებლის მხრიდან შეცდომები პროდუქციის გაგზავნაში

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს, თქვენ როგორც გამყიდველს ბრალი არ მიგიძღვით, მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.

  • პროდუქციის შეზღუდული ბრენდინგი

დროფშიფინგის დროს გამყიდველს ნაკლები შესაძლებლობა აქვს პროდუქტის სპეციფიკაციების განსასაზღვრად. პროდუქტი, რომლის რეალიზებაც დროფშიფინგით ხდება, იქმნება და იბრენდება მომწოდებლის მიერ.

დროფშიფინგის დროს ყველაზე მნიშვნელოვან ხარჯი პროდუქციის  მარკეტინგული ხარჯია. პოტენციურმა მომხმარებელმა უნდა ნახოს, შეაფასოს და იყიდოს პროდუქტი. მასვე ევალება მომხმარებლის მხარდაჭერა, როდესაც პროდუქტთან დაკავშირებით წარმოიქმნება პრეტენზიები.

დროფშიფერების უმრავლესობა ყიდის როგორც საკუთარი ონლაინ მაღაზიის, ასევე ამაზონისა და იბეის საშუალებით.

2017 წელს ამაზონზე ონლაინ გაყიდვების 23% დროფშიფინგის საშუალებით განხორციელდა. ამ თანხამ 85.1 ბილიონი დოლარი შეადგინა.

იკომერსის წლიური 17%-იანი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ დროფშიფინგის, როგორც ბიზნეს მოდელის პოპულარულობა უფრო და უფრო გაიზრდება.

 

მსგავსი სტატიები

ამაზონის სტატისტიკა - 10 ფაქტი ამაზონის შესახებ

ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი

რამდენი პროდუქტი იყიდება წუთში ამაზონზე? რომელია ყველაზე პოპულარული კატეგორია? წაიკითხე ამაზონის სტატისტიკა – 10 საინტერესო ფაქტი ამაზონის შესახებ.

Chaos -

CHAOS ტექ სტარტაპი ურბანული განვითარებისთვის

CHAOS architects ფინური ტექ სტარტაპია – პლატფორმა, სადაც ყველა ტიპის ურბანული ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ ხდება ამ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება?