გუგლ ანალიტიკსი

Google Analytics

გუგლ ანალიტიკსი

გუგლ ანალიტიკსი გუგლის მარკეტინგული პლატფორმის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ჩვენს საიტზე გადმოსული მომხმარებლების სრული ანალიტიკა. ეს პროგრამა უფასოა და უკვე წლებია იყენებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საიტების უმრავლესობა.

გუგლ ანალიტიკსი გვეხმარება პასუხი გავცეთ იმ უამრავ შეკითხვას, რაც შეიძლება აინტერესებდეს ყველას, ვისაც აქვს ვებგვერდი ინტერნეტში.

  • რამდენი ადამიანი შემოდის ჩვენს საიტზე
  • რომელი ლოკაციებიდან
  • რომელი საიტებიდან
  • რა მარკეტინგული არხებიდან
  • ყველაზე მეტად რომელ გვერდებს ათვალიერებენ
  • ვიზიტორებიდან რამდენი კონვერტირდება მყიდველად, ა.შ.

ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხს სწორედ გუგლ ანალიტიკსის რეპორტებში ვნახულობთ.

როგორ დავაყენოთ გუგლ ანალიტიკსი

Google Analytics – ში მეილის შეყვანით (gmail) გავდივართ ავტორიზაციას.

გუგლ ანალიტიკსში რეგისტრაცია

ანგარიშის შესაქმნელად 3 მარტივი ეტაპია:

  • Account setup – ანგარიშის შექმნა
  • What do you want to measure – საიტის, აპლიკაციის ან ერთდროულად საიტისა და აპლიკაციის შერჩევა cross-platform ანალიზისთვის
  • Property setup – კონკრეტული საიტის მისამართის მითითება
გუგლ ანალიტიკსის ექაუნთი

მხოლოდ საიტის ტრეკინგის შემთხვევაში ვირჩევთ პირველ ვარიანტს: Web – Measure your website.

გუგლ ანალიტიკის ანგარიშის შექმნა მე-2 ეტაპი

შეგვყავს კონკრეტული საიტის მისამართი, ვირჩევთ სფეროს და დროის პარამეტრებს.

გუგლ ანალიტიკის ანგარიშის შექმნა მე-3 ეტაპი

ამ ყველაფრის შევსებისა და დადასტურების შემდეგ ვიღებთ Tracking ID-ს, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

გუგლ ანალიტიკსის ტრეკინგ კოდი

კოდი უბრალოდ შეგვიძლია გადავუგზავნოთ საიტის დეველოპერს ან თუ საიტი გვაქვს ვორდპრესზე, მარტივად დავაინსტალიროთ შესაბამისი ფლაგინით.

გუგლ ანალიტიკსის რეპორტები

Realtime

Realtime რეპორტი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ამ წუთას საიტზე არსებული ვიზიტორების რაოდენობა, რამდენი ვიზიტორია ჩვენს გვერდზე დესკტოპიდან, რამდენია შემოსული მობილურიდან, რომელი არხებიდანაა გადმოსული, რომელი ლოკაციებიდან, რა გვერდებს ათვალიერებენ, რამდენია გადასული ჩექაუთის გვერდზე, ა.შ.

Audience

Audience რეპორტში შეგვიძლია დროის მონაკვეთის შერჩევით ვნახოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჩვენი საიტის ვიზიტორების შესახებ. რამდენია ახალი მომხმარებელი, რამდენი დაბრუნებული ვიზიტორი, სესიის საშუალო ხანგრძლივობა, ე.წ. bounce rate – ი (მომხმარებელთა ის რიცხვი, რომელიც საიტზე შემოვიდა და გავიდა ინტერაქციის გარეშე), ინფორმაცია საიტზე შემოსული ვიზიტორების ბრაუზერის, ოპერაციული სისტემის, ეკრანის რეზოლუციის, ა.შ. შესახებ, დემოგრაფიული მონაცემები, როგორიცაა ასაკი და სქესი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დეტალების, რაც ამ რეპორტში შეგვიძლია ვნახოთ.

Acquisition

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეპორტია acquisition, სადაც ჩანს საიტზე შემოსული ტრეფიკის ანალიტიკა არხების მიხედვით. Default Channel Grouping – ი შედგება:

  • Organic search
  • Social
  • Direct
  • Referral
  • (Others)

თუ ვიყენებთ რეკლამას გუგლში ან იმეილ მარკეტინგს, აქვე გვექნება ეს არხებიც და მათი საშუალებით საიტზე შემოსული მომხმარებლების ანალიტიკა:

  • Display
  • paid search
  • Email

Behavior

ამ რეპორტში ვნახულობთ მომხმარებელთა ქცევას საიტზე, მათ მიერ დათვალიერებულ გვერდებს, რას ეძებენ საიტზე, რამდენი ხანი ჩერდებიან კონკრეტულ გვერდზე, რომელია ლენდინგ ფეიჯი და რომელი გვერდებიდან გადიან, ასევე ვნახულობთ ინფორმაციას საიტის სიჩქარესა და გვერდების ჩატვირთვასთან დაკავშირებით.

Conversions

სხვადასხვა საიტისთვის კონვერსია საიტის მიზნებიდან გამომდინარე განისაზღვრება. ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში კონვერსია მარტივად გულისხმობს ნივთის გაყიდვის ფაქტს. სხვა შემთხვევებში კონვერსიის მაგალითებია ვიზიტის დაჯავშნა/კონსულტაციაზე ჩაწერა, სიახლეების გამოწერა, დოკუმენტის ჩამოტვირთვა და სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც გვინდა, რომ ჩვენს საიტზე გადმოსულმა მომხმარებელმა განახორციელოს.

იკომერსის ტრეკინგის შემთხვევაში Conversions -ების რეპორტში ვნახულობთ სრულად ანალიტიკას საიტზე განხორციელებული ტრანზაქციების ჭრილში.

ეს არის მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა გუგლ ანალიტიკსის ძირითადი რეპორტების. ანალიტიკსი იძლევა რეპორტების და მონაცემების დამუშავების თითქმის ამოუწურავ შესაძლებლობებს.

საიდან დავიწყოთ გუგლ ანალიტიკსის შესწავლა

Analytics Academy – გუგლის უფასო სასწავლო პლატფორმა თავადვე გვთავაზობს ანალიტიკსის რამდენიმე კურსს როგორც სრულიად დამწყებებისთვის, ასევე შედარებით “ედვანსდ” იუზერებისთვის. ისევე როგორც გუგლის ყველა პროდუქტი, ეს კურსებიც იდეალურადაა მორგებული სტუდენტის საჭიროებებს: მარტივი ვიდეო ინსტრუქციები ტრანსკრიპტებით, გაკვეთილის ბოლოს ქვიზები და შემაჯამებელი ნოუთები. რაც მთავარია, პრაქტიკული დავალებები Google Merchandise Store – ის დემო ვერსიაში საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ პროგრამის ინტერფეისში, თუნდაც რომ არ გვქონდეს საიტი რეალურად. კურსების მიმოხილვა ნახეთ პოსტში: გუგლ ანალიტიკსის ონლაინ კურსი.

გუგლ ანალიტიკსის შექმნის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ გუგლ ანალიტიკსი ყველასთვის ცნობილია როგორც გუგლის პროდუქტი, ეს ტექნოლოგია გუგლმა წლების წინ Urchin Software Corporation – გან იყიდა. თავდაპირველად მისი საჭიროება გუგლის იმ დროისთვის ახალი პროდუქტის Adwords – ის კონვერსიების ტრეკინგისთვის გაჩნდა. გუგლს ჰქონდა კონვერსიების ტრეკინგის ხელსაწყო, სადაც შეიძლებოდა ნახვა თუ რამდენი მომხმარებელი გადავიდა ჩექაუთის გვერდზე Adwords – დან, თუმცა ეს არ იძლეოდა ზუსტ რეპორტინგს. In The Plex, გუგლის ბიოგრაფიულ წიგნში Wesley Chan – ი იხსენებს, რომ როდესაც მას დაევალა ტრეკინგის სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა, მას არ ჰყავდა საკმარისი პროგრამისტები იდეის გასავითარებლად, ამიტომ გადაწყვიტა, რომ უკვე მზა ანალიტიკური პროგრამა ეყიდა. ამ კონკრეტული მიზნით დაუკავშირდა Urchin Software Corporation – ს, პატარა კომპანიას, რომელიც ბაზარზე ყველაზე კარგ ანალიტიკას სთავაზობდა მომხმარებელს და რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ გუგლისთვის მისაღები ტიპაჟები (seemed Googley).

urchin

მიუხედავად იმისა, რომ ლარი ფეიჯი სკეპტიკურად უყურებდა ამ პარტნიორობას, Chan – მა მაინც გაიტანა თავისი აზრი და რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ 2004 წელს გუგლმა Urchin – ი 20 მლნ დოლარად იყიდა. ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი პროცესი Urchin-ის დასახვეწად, რომ გუგლს შეექმნა ანალიტიკის ისეთი სრულყოფილი პროგრამა, როგორიცაა ახლა გუგლ ანალიტიკსი.

გუგლ ანალიტიკსის გაშვება

Wesley Chan – ი თავდაპირველად მოიაზრებდა, რომ ეს სერვისი ყოფილიყო ფასიანი – 500 $ თვეში, ხოლო Adwords – ის მომხმარებლებისთვის გაეკეთებინა ფასდაკლება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გუგლს იმ პერიოდში არ ჰქონდა დიდი გამოცდილება გადახდის მეთოდების აწყობის და არც ამისთვის საჭირო ადამიანური რესურსი გააჩნდა, Chan-მა შესთავაზა ლარი ფეიჯს, რომ გუგლ ანალიტიკსი ყოფილიყო უფასო. გადახდის არხების აწყობას, მისი ვარაუდით, დასჭირდებოდა მინიმუმ 18 თვე და მისი აზრით, ამდენი ხანი დროის დაკარგვას სჯობდა, ეს დრო დაეხარჯათ პროდუქტის გაუმჯობესებაზე, ხოლო პროგრამა გაეშვათ უფასოდ და მომხმარებელი ყოფილიყო კმაყოფილი. საბოლოოდ ფეიჯი დასთანხმდა და 2005 წლის ნოემბერში გუგლ ანალიტიკსი გაეშვა.

Chan – ი ვარაუდობდა, რომ გუგლ ანალიტიკსის უფასოდ ხელმისაწვდომობა 10 – ჯერ მაინც გაზრდიდა მომხმარებელთა რიცხვს და ამის მიხედვით გაითვალისიწინა data centers – ის დატვირთულობა. თუმცა, გაშვებიდან 48 სთ-ში გუგლის ყველა სერვერი დაიქრაშა. Eric Schmidt – მა ამ ჩავარდნას Google’s most successful disaster უწოდა. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გუგლს ანალიტიკსზე ლიმიტირებული წვდომის დაწესება მოუხდა, თუმცა საბოლოოდ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა 2006 წელს.

გუგლ ანალიტიკსმა არა მხოლოდ მიიზიდა ბევრი ახალი მომხმარებელი, არამედ Adwords – ის არსებულ მომხმარებლებს მისცა საშუალება დარწმუნებულიყო რეკლამის ეფექტურობაში. Know more, spend more – ის პრინციპით Adwords – ის მომხმარებელთა რიცხვი და შესაბამისად შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდულად მოკლე პერიოდში.

BuiltWith – ის მონაცემებით ამჟამად გუგლ ანალიტიკს მსოფლიოში 29,134,826  ვებგვერდი იყენებს.

მსგავსი სტატიები

საიტის ვიზიტორები და ანალიტიკა

Similar Web

გაინტერესებს, რომელ ვებსაიტს რამდენი ვიზიტორი ჰყავს და რა მარკეტინგული არხებიდან? გაიგე საიტის ვიზიტორები და მათი ანალიტიკა Similar Web – ით უფასოდ.

კონვერსიების ტრეკინგი

განსხვავება ფეისბუქისა და გუგლ ანალიტიკსის მონაცემებში

როგორ ხდება კონვერსიების ტრეკინგი და რატომ განსხვავდება მონაცემები ფეისბუქსა და გუგლ ანალიტიკს შორის? რომელი მარკეტინგული არხია ყველაზე ეფექტური?