Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა გუგლისგან
Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა ბრენდებსა და ინფლუენსერებს საშუალებას აძლევს შექმნან პროდუქტის მოკლე ვიდეო რივიუები, ხოლო მომხმარებლებს – ერთ პლატფორმაზე აღმოაჩინონ და შეიძინონ ეს პროდუქცია.
„აღმოაჩინე, შეაფასე და შეიძინე სასურველი პროდუქტები ერთ პლატფორმაზე“ – ასე დაანონსა გუგლმა Shoploop – ი.
როგორც პროექტის ავტორი Lax Poojary განმარტავს, ეს იდეა მას მომხმარებლის ქცევამ შთააგონა.
დღეს მომხმარებელს პროდუქტის შეძენამდე რამდენიმე პლატფორმაზე უწევს ინტერაქცია: ნახულობს ნივთს ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე, ეძებს რივიუს იუთუბზე და ყიდულობს ონლაინ მაღაზიაში.
თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ research-based და review-based შოპინგის ტრენდი იზრდება, გუგლის ამ ინიციატივამ შესაძლოა საინტერესო გამოხმაურება ჰპოვოს მომხმარებლის მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ Shoploop – ის იდეა სრულად ინოვაციური არ არის, მას ნამდვილად აქვს გარკვეული უპირატესობები:
სახალისო
Shoploop უფრო მეტად ინტერაქტიულია, ვიდრე უბრალოდ ფოტოების, სახელწოდებებისა და აღწერილობების სქროლვა ონლაინ მაღაზიებში.
ყველა ვიდეო 90 წმ – ზე ნაკლებია. მომხმარებელს საშუალება აქვს აღმოაჩინოს ახალი პროდუქტები სახალისო გზით.
ინფორმაცია რეალური ადამიანებისგან
Shoploop – ზე პროდუქციის მიმოხილვას რეალური ადამიანები აკეთებენ, რომლებმაც იციან ეს პროდუქტი. ვიდეო რივიუები ჰგავს იუთუბის ტუტორიალებს, თუმცა მოკლეა და ფოკუსირებული ძირითად აქცენტებზე. სწორედ ამიტომ Shoploop- ს უკვე უწოდეს ტიკტოკი შოპინგისთვის.
მარტივი ყიდვა
საინტერესო პროდუქტის ყიდვა შეიძლება პირდაპირ ონლაინ მაღაზიის ბმულზე გადასვლით. მომხმარებელს ასევე შეუძლია ბმულის შენახვაც, თუ მოგვიანებით შეძენა სურს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბმულის გაზიარებაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში მეგობრებისა და ახლობლებისთვის.
ამ ეტაპზე ძირითადად თავის მოვლის პროდუქციაა წარმოდგენილი, როგორიცაა მაკიაჟი, კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებები. იგეგმება ტანსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიის დამატებაც.
Shoploop – შოპინგის ახალი ვიდეო პლატფორმა 2020 წლის 16 ივლისს გაეშვა. ჯერჯერობით მხოლოდ მობილური ვერსიაა ხელმისაწვდომი.
წყარო: Shoploop