ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერები
ინფლუენსერები, ანუ გავლენიანი ადამიანები? ვინ არიან ისინი და საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებენ ინსტაგრამის წყალობით? ინფლუენსერ მარკეტინგი საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამ კითხვებზე პასუხის ძიება ქართველმა მომხმარებლებმა google-ში აქტიურად დაიწყეს. 2019 წელს, (სანამ Covid 19-ის ტალღა ყველაფერს გადაფარავდა) Google Trends-ის ქართველების მიერ ტოპ მოძებნილ სიტყვებს შორის იყო “ინფლუენსერი” და “ინსტაგრამი”.
დღესდღეობით ინსტაგრამი ინფლუენსერ მარკეტინგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ტექნოლოგიურმა ერამ ცნობილი ადამიანების როლი და მათი აზრის გავლენა თაყვანისმცემლებზე კიდევ უფრო გაზარდა.
ინსტაგრამს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს, რაც მიუთითებს ამ ქსელის მზარდ პოპულარობაზე მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წელს მსოფლიო სარეკლამო კამპანიების 80%-ზე მეტი ინსტაგრამზე განხორციელდა.
თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდს თუ მარკეტერს უმუშავია ან გეგმავს ითანამშრომლოს ინფლუენსერთან.
ვინ არიან ინფლუენსერები?
ინსტაგრამის მთავარი ხიბლი იმაშია რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პროფესიისა, სოციალური სტატუსისა, ასაკისა თუ ინტერესისას (მათ შორის საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს) ეძლევათ ასპარეზი საინტერესო კონტენტის შექმნის წყალობით მოექცნენ მილიონობით ადამიანის ყურადღების ცენტრში. არასოდეს ყოფილა პოპულარობა, საკუთარი ინტერესებისა თუ ნიჭის გაზიარება მსოფლიოსთვის ისეთი მარტივი, როგორც დღეს.
ინსტაგრამი არამარტო ცნობადობის მოპოვების არაჩვეულებრივი საშუალებაა, არამედ ერთი შეხედვით იოლი ფულის საბადოც.
შეიძლება ინსტაგრამერები კამერის მიღმა ძალიან დიდ შრომას დებენ სასურველი შედეგების მისაღწევად, მაგრამ შევთანხმეთ რომ ყველაფერი შედარებითია და ინსტაგრამერობაც იმაზე გაცილებით მარტივი პროფესიაა, ვიდრე მაგალითად ექიმობა ან პილოტობა.
ინფლუენსერობა ერთი შეხედვით საუკეთესო სამსახურია. გყავს ასიათასობით ან მილიონობით მიმდევარი. მათ უყვარხარ, გეთაყვანებიან, გბაძავენ და ითვალისწინებენ შენს აზრს. მათ მიერ შესხმული ხოტბა-დიდება თვითშეფასების უმაღლეს ნიშნულს და განწყობას გარანტირებულს ხდის. შენ კი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ფოტოს ტვირთავ და დოლარების წვიმაც მოდის.
მაშ ასე, ვინ არიან ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერები?:
- კაილი ჯენერი
- არიანა გრანდე
- კრიშტიანუ რონალდუ
- კიმ კარდაშიან უესტი
- სელენა გომესი
- დუეინ ჯონსონი
- ბიონსე ნოულსი
- ტეილორ სვიფტი
- ნეიმარ დე სილვა
- ჯასთინ ბიბერი
- ნიჯი მინაჟი
- ლიონელ მესი
- კენდალ ჯენერი
- ქლოი კარდაშიანი
- კევინ ჰართი
1. კაილი ჯენერი
მიმდევრების რაოდენობა 171M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 2.62%
პოსტის საშუალო ღირებულება $1.26M
კაილი ჯენერი ფორბსის სიის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა “თვითქმნილი” მილიარდელია. კაილი ფლობს კოსმეტიკურ ბრენდს Kylie Cosmetics და იგი სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლება.
ის პოპულარული ჯენერ-კარდაშიანების “ კლანის” წევრია. ვარსკვლავური ოჯახი პოპულარობის ზენიტს ეწია შოუს “მიჰყევი კარდაშიანებს” გამოსვლის დღიდან.
კაილი ყველაზე ხშირად ლაქშერი ბრენდებსა და სილამაზის ბრენდებს არეკლამებს. იგი თითოეულ პოსტში საშუალოდ მილიონ დოლარს იღებს. ფოტოზე ნაჩვენებია მის მიერ ერთ-ერთი გარეკლამებული პოსტი, რომელიც ლაქშერი მოდის ბრენდ Balmain-ის დაკვეთაა.

2. არიანა გრანდე
მიმდევრების რაოდენობა 181M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.06%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.99M
არიანა მრავალი მუსიკალური ჯილდოს მქონე ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. მისი სინგლი “Thank You, Next,” , რომელიც მის წარსულ ურთიერთობებს ასახავს, მსოფლიოს მასშტაბით ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ ბილბორდზე მოხვდა. ამ ფაქტმა განაპირობა შემსრულებლის პოპულარობა ინსტაგრამზე.
ინსტაგრამზე მის მიერ ბრენდის მონიშვნა ბიზნესის სახელს 181 მილიონიან აუდიტორის მიაწვდენს. იხილეთ მისი ერთ-ერთი პოსტი, რომელზეც მონიშნულია ბრენდი Ulta Beauty.

3. კრიშტიანუ რონალდუ
მიმდევრების რაოდენობა 214M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 2.77 %
პოსტის საშუალო ღირებულება $0.97M
ინფლუენსერები ფეხფურთის სამყაროდანაც აქტიურობენ ინსტაგრამზე. კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პორტუგალიელი ფეხბურთელია. მას მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ და ოქროს ბურთი 5-ჯერ.
ცნობილია რომ მეტსახელი რონალუ (Ronaldo) უკავშირდება ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო.
რონალდუ ყველა სპორტული ბრენდის საოცნებო პარტნიორია. სხვა გამოჩენილი სახეებისგან განსხვავებით რონალდუ ინსტაგრამზეც ისევე კარგად ასრულებს საქმეს, როგორც საფეხბურთო მოედანზე.
იგი არ შემოიფარგბლება მოკლე აღწერებით ან უბრალოდ ბრენდის მონიშვნით, არამედ ვრცელი, შინაარსობრივად დატვირთული პოსტებით. იხილეთ მის მიერ დადებული პოსტი ნაიკის დაკვეთით.

4. კიმ კარდაშიან უესტი
მიმდევრების რაოდენობა 166M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.08%
პოსტის საშუალო ღირებულება $ 0.91M
კიმ კარდაშიანი ერთ-ერთი სელებრითია, რომელმაც პოპულარობა მის ოჯახზე გადაღებული რეალითი შოუდან მოიპოვა (იხ. კაილი ჯენერის სვეტი). იგი სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა მისი დის, კაილი ჯენერის მსგავსად და ფლობს კოსმეტიკურ კომპანიას KKW beauty.
კიმი განსაკუთრებით პოპულარულია სოციალურ მედიაში. იგი აქტიურად შუქდება მედიის მხრიდან როგორც დადებით, ასევე ხშირად ნეგატიურ კონტექსტში. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პოსტი, რომელშიც იგი რეკლამას უკეთებს ერთ-ერთ ჯანსაღი ცხოვრების ნიშურ ბრენდს.

5. სელენა გომესი
მიმდევრების რაოდენობა 174M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 2.61%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.88M
სელენა გომესი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. მან საქვეყნო პოპულარობა საბავშვო სატელევიზიო სერიალ “ ბარნი და მეგობრები”-ში მოიპოვა. ამის შემდეგ მალევე გამოჩნდა საკულტო სერიალში “ჰანა მონტანა”. სელენას გამორჩეული როლია ასევე ალექს რუსოს პერსონაჟი დისნეის საბავშვო სატელევიზიო სერიალში “ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან”.
იგი მალევე გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, რაც მისი მიმდევრების რაოდენობაში გამოიხატება. წლების მანძილზე ის იკავებდა პირველ ადგილს, ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მიმდევრების რაოდენობით.
სელენა ხშირად უკეთებს რეკლამას შემდეგი ნიშის ბრენდები:მოდა, სილამაზე, ყოველდღიური სტილი.

6. დუეინ ჯონსონი (The Rock)
მიმდევრების რაოდენობა 180M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 0.96%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.88M
დუეინ ჯონსონი, რომელიც ცნობილია მეტსახელით “The Rock”, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. გამორჩეული აღნაგობისა და შარმის წყალობით ძირითადად ბლოკბასტერებისა და საბრძოლო თემატიკის ფილმებში თამაშობს.
განსხვავებულმა ფიზიკურმა მომაცემებმა ფანების დიდძალი არმია მოუხვეჭა ვარსკვლავს, რაც მისი ინსტაგრამ ფოლოვერების რაოდენობაშიც გამოიხატება.
“ჩემთვის სოციალური მედია ფილმის მარკეტინგის ყველაზე კრიტიკულ ელემენტად იქცა, – ამბობს ჯონსონი. – მთელ მსოფლიოში აუდიტორიასთან სოციალური მედიით თანასწორი ურთიერთობები დავამყარე და ვგრძნობ, რომ რასაც მათ ვაწვდი, ღირებულია”.
-აღნიშნავს იგი ფორბსთან ინტერვიუში. ცნობილია რომ ფილმში მონაწილეობის საფასურის მიღმა, დუეინი სოლიდურ გასამრჯელოს იღებს სოციალურ მედიაში აქტიურობისთვის ფილმთან მიმართებაში.
საკუთარი სხეულის წყალობით არის ზედგამოჭრილი ინფლუენსერი ჯანმრთელობისა და ფიტნესის ნიშური ბრენდებისთვის.

7. ბიონსე ნოულსი
მიმდევრების რაოდენობა 145M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.24%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.78M
ბიონსე ცნობილი ამერიკელი მომღერალია, რომელმაც კარიერა მუსიკალურ ჯგუფ “Destiny’s Child”-ით დაიწყო. უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელსაც 100 მილიონ ჩანაწერზე მეტი აქვს გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.
ცნობილია, რომ ბიონსე არის “წუთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი”, 2010 წელს ერთ-ერთ საახალწლო პრივატულ წვეულებაზე მან 5 წუთიან პერფორმანსში აიღო 1.25 მილიონი დოლარი.
ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა გადაიღო მასზე ფილმი, რომელიც მომღერალმა თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

8. ტეილორ სვიფტი
მიმდევრების რაოდენობა 130M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 0.93%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.74M
ტეილორ სვიფთი ამერიკელი ქანთრის სტილის შემსრულებელია. მას მიღებული აქვს 10 გრემის ჯილდო, 1 ემის ჯილდო, 12 ქანთრის მუსიკის ასოციაციის ჯილდო და 23 ბილბორდის მუსიკალური ჯილდო.
დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 20 მილიონი ალბომი და 34.3 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ფოტოზე ნაჩვენებია Amazon Music-ისთვის განთავსებული რეკლამა ტეილორის გვერდზე.

9. ნეიმარ და სილვა
მიმდევრების რაოდენობა 137M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.61%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.72M
ნეიმარი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული საფეხბურთო კლუბ პარიზ სან-ჟერმენის ფორვარდია.
იგი შედარებით ახლადამობრწყინებული ტალანტია, რომელმაც პოპულარობა სწრაფად აწია და ისეთი ლეგენდების გვერდით დაიკავა ადგილი როგორებიცაა მესი და რონალდუ (რომლების ასევე არიან ამ სიაში).
ფეხბურთელი სპორტული და ფიტნეს ბრენდების პოპულარობის ზრდისთვის ბრწყინვალე ვარიანტია.
მოცემულ პოსტში იგი რეკლამას უკეთებს ნაიკის ფეხსაცმელს.

10. ჯასთინ ბიბერი
მიმდევრების რაოდენობა 133M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.04%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.72M
ჯასტინ ბიბერი კანადელი მომღერალი და მსახიობია, რომელიც 13 წლის ასაკში აღმოაჩინა ტალანსების სკაუტმა, მას შემდეგ რაც მის მიერ შესრულებული სიმღერების ქავერები შემთხვევით ნახა youtube-ზე. თინეიჯერების გულთამპრყრობელი უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელია, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.
მოცემულ ფოტოში იგი რეკლამას უწევს ერთ-ერთ სამოსის ბრენდს.

11. ნიკი მინაჟი
მიმდევრების რაოდენობა 113M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 0.81%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.65M
ნიკი მინაჟი ტრინიდადი და ტობაგოში დაბადებული რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მსახიობია. იგი ადრეულ წლებში გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნიუ იორკში დასახლდა ოჯახთან ერთად. მისი ჯილდოების სია ასე გამოიყურება:
- American Music Awards-6 ჯილდო
- MTV Video Music Awards-4 ჯილდო
- BET Awards-11 ჯილდო.
ნიკი ხშირად უკეთებს რეკლამას ლაქშერი ბრენდებს. ერთ-ერთი მათგანია მოდის ბრენდი Fendi.

12. ლიონელ მესი
მიმდევრების რაოდენობა 148M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 3.39%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.64M
სიას თანამედროვე ფეხფურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ამშვენებს. საფეხბურთო კლუბ “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. მიღებული აქვს ოქროს ბურთის რეკორდული რაოდენობა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი 21 წლის ასაკში. მის სტილს ადარებენ დიეგო მარადონას სტილს, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.
მას უამრავ სპორტული ბრენდის კამპანიაში მიუღია მონაწილეობა. იგი ასევე არის საკვებ პროდუქტ Lay’s-ის კოლაბორატორი.

13. ქენდალ ჯენერი
მიმდევრების რაოდენობა 127M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.61%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.61M
ქენდალ ჯენერი კენდალ-კარდაშიანების ოჯახის კიდევ ერთი გამოჩენილი წევრია. პოპულარობა მანაც ცნობილი ტელე-შოუთი მოიპოვა, რომელიც შემდეგ მოდელის კარიერით გააგრძელა.
დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია და მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მოდის დიზაინერების ფავორიტი. თაყვანისმცემლების მილიონიანი არმია განებივრებულია მისი მშვენიერი სხეულის დემონსტრირებით ინსტაგრამზე.

14. ქლოი კარდაშიანი
მიმდევრების რაოდენობა 108M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 1.36%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.59M
ისევ და ისევ კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელი. ამჯერად ქლოი.
ქლოი თავის დებთან, კორტნისთან და კიმთან ერთად ჩართულია კოსმეტიკურ და მოდის ბიზნესში. მათ შექმნეს ტანსაცმლის რამდენიმე კოლექცია და სუნამოები. 2010 წელს გამოუშვეს წიგნი Kardashian Konfidential. მათ ითამაშეს საკუთარ მოკლემეტრაჟიან რეალით სერიალში Dash Dolls (2015).
2007 წლიდან ოჯახთან ერთად თამაშობს რეალით სატელევიზიო შოუში “Keeping Up with Kardashians”. ქლოის წარმატებამ “Keeping Up with Kardashians”-ში გამოიწვია მისი გამოჩენა სეარიალებში “Kourtney and Khloé Take Miami” (2009–2013) და Khloé Take The Hamptons (2014–2015), რომელიც ნათელი ეკრანიზაციაა იმისა, თუ როგორია ინფლუენსერების ყოველდღიურობა.

15. კევინ ჰართი
მიმდევრების რაოდენობა 89M
ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი პოსტზე 0.62%
პოსტის საშუალო ღირებულება $0.48M
კევინ ჰარტი ამერიკელი მსახიობი, სტენდ-აფ კომიკოსი და პროდუსერია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პოპულარულ ფილმებსა თუ სერიალებში, ისეთი როგორებიცაა “ჯუმანჯი” და “თანამედროვე ოჯახი”. ის საკმაოდ აქტიურად იყენებს ინსტაგრამს და შესამჩნევი ფოლოვერების ბაზაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ კევინ ჰართი იმ ადამიანების ხუთეულშია რომელსაც, აშშ-დან ყველაზე მეტჯერ ეძებდნენ google-ში.
როგორც სელებრითი, იგი ხშირად ქმნის კოლექციებს ცნობილი ბრენდებისთვის. მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.

ასე გამოიყურება სია-ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერები– რომელიც ელვის სისწრაფით იცვლება ისევე, როგორც მათი ანაზღაურება და მიმდევრების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ სტატიაზე მუშაობის მანძილზე, რამდენიმე დღეში 5-მდე ზემოთხსენებული ინსტაგრამერის მიმდევრების რაოდენობა 100.000-ით გაიზარდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს ინტერნეტ სივრცე ყველაზე აქტიურ ფაზაშია.